სამართლის სისტემის მიმოხილვა
ქართული სამართლებრივი სისტემა მიეკუთვნება კონტინენტურ-ევროპული სამართლებრივ სისტემას, უფრო კონკრეტულად კი გერმანულს. გერმანული სამართლის ოჯახი ჩამოყალიბდა გერმანული იურიდიული მეცნიერების საფუძველზე. ამ ოჯახში შედის გერმანია, ავსტრია, ლიხტენშტეინი, შვეიცარია, თურქეთი, საბერძნეთი და საქართველო. კონტინენტური ევროპის კანონსა და ანგლო-ამერიკულ სამართალს შორის განსხვავება დაკავშირებულია დაწერილ კანონმდებლობასთან, როგორც სამართლის წყაროსთან. კონტინენტური ევროპის ქვეყნებში პოზიტიური სამართალი კანონის ძირითადი წყაროა, მაშინ როცა ანგლო-ამერიკული სამართლის ძირითად წყაროს სასამართლო პრაქტიკა წარმოადგენს.
გადასახადები საქართველოში
დღეისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსი განსაზღვრავს 6 ძირითად გადასახადს, რომელთა გადახდა სავალდებულოა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, გადასახადის შინაარსის მიხედვით. ექვსიდან ხუთი გადასახადი თავს იყრის ცენტრალურ ბიუჯეტში და წარმოადგენს საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადს, ხოლო ერთი, ქონების გადასახადი გროვდება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში და წარმოადგენს ადგილობრივ გადასახადს. საქართველოში მოქმედი გადასხადებია:
- საშემოსავლო გადასახადი;
- მოგების გადასახადი;
- დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ);
- აქციზი;
- იმპორტის გადასახადი;
- ქონების გადასახადი.
რეგისტრაციის პროცესი
საქართველოში ბიზნესის, საკუთრებისა და უფლებების რეგისტრაცია არის სწრაფი და მარტივი პროცესი.
უძრავი ქონების ან ბიზნესის რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის მეშვეობით.
ბიზნესის რეგისტრაცია გრძელდება ერთ დღემდე, ხოლო ქონების რეგისტრაცია რამდენიმე საათიდან ოთხ დღემდე. საქართველოში მეწარმე იურიდიული პირები საქმიანობენ შემდეგი ფორმით:
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - შპს;
- სააქციო საზოგადოება – სს;
- კომანდიტური საზოგადოება - კს;
- სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება – სპს;
- კოოპერატივი.
სხვა საკითხები
სამართალი არის რთული მეცნიერება, სადაც ერთიანი და უნივერსალური სტანდარტები არ გამოიყენება. ნორმების აბსოლუტური უმრავლესობა შეფასებითია და სამართლებრივი მიდგომები არასოდეს არის ცალსახა.
კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ ვიცოდეთ რა სამართლებრივ ურთიერთობასთან გვაქვს საქმე, ასევე უნდა ვიცოდეთ ნორმის მოქმედება დროში.
ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება უფლებით ვადებში სარგებლობას, კანონის განმარტებას, საპროცესო სამართლის საფუძვლიან ცოდნას და სხვა ფაქტორებს.
თქვენ გაქვთ უფლებები მაშინაც კი, როდესაც კანონი გაკისრებთ პასუხისმგებლობას და პირიქით - თქვენ გაქვთ პასუხისმგებლობა, რომელიც თან ახლავს თქვენთვის მონიჭებულ უფლებამოსილებას.