ზოგადი ინფორმაცია საქართველოში არსებულ გადასახადებზე

დღეისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსი განსაზღვრავს 6 ძირითად გადასახადს, რომელთა გადახდა სავალდებულოა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, გადასახადის შინაარსის მიხედვით. ექვსიდან ხუთი გადასახადი თავს იყრის ცენტრალურ ბიუჯეტში და წარმოადგენს საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადს, ხოლო ერთი, ქონების გადასახადი გროვდება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში და წარმოადგენს ადგილობრივ გადასახადს. საქართველოში მოქმედი გადასხადებია:

  • საშემოსავლო გადასახადი;
  • მოგების გადასახადი;
  • დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ);
  • აქციზი;
  • იმპორტის გადასახადი;
  • ქონების გადასახადი.

georgian taxes

საშემოსავლო გადასახადი

საშემოსავლო გადასახადი არის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი, რომლის გადამხდელს წარმოადგენენ რეზიდენტი ფიზიკური პირები, ასევე არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომლებიც შემოსავალს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან.
დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, გარდა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული ცალკეული სახის შემოსავლებისა;
საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება;
ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.
საშემოსავლო გადასახადის განაკვეთებია:

  • ხელფასი - 20%;
  • დივიდენდი - 5%;
  • პროცენტი - 5%;
  • რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული როიალტი -20%;
  • შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი - 3%.


მოგების გადასახადი

მოგების ყოველთვიური გადასახადი ვრცელდება რეზიდენტ საწარმოზე და არარეზიდენტ საწარმოზე, რომელიც საქართველოში საქმიანობს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით.
რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

  • განაწილებული მოგება;
  • გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
  • უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;
  • წარმომადგენლობითი ხარჯი, რომელიც აღემატება წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის/გაწეული ხარჯის (თუ გაწეული ხარჯი აღემატება მიღებულ შემოსავალს) 1 %-ს.
  • საწარმოს დაფუძნების კალენდარულ წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე გაწეული ხარჯის 1%.
მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი. მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85-ზე გაყოფის შედეგად.


დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ)

დღგ (დამატებული ღირებულების გადასახადი) არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც წარმოადგენს მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატს და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას), თუმცა ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც იწოდება დღგ-ის გადამხდელად.
თუ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, პირი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
დღგ-ის განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ბრუნვის ან საქონლის იმპორტის თანხის 18 პროცენტს.


აქციზი

აქციზი არის არაპირდაპირი გადასახადი. აქციზური საქონლის სახეებია:

  • ალკოჰოლიანი სასმელები;
  • თამბაქოს ნაწარმი (თამბაქოს ნედლეულის გარდა);
  • მსუბუქი ავტომობილები;
  • მოტოციკლი (მოპედის ჩათვლით);
  • ნავთობპროდუქტების აირები და ბუნებრივი აირი (გარდა მილსადენით გადაადგილებულისა);
  • ნავთობპროდუქტები, ნავთობის დისტილატები და ნამუშევარი ნავთობპროდუქტები;
  • ბიოდიზელი;
  • პიროლიზის თხევადი პროდუქტი;
  • ზეთები და ქვანახშირის ფისებისაგან მაღალ ტემპერატურაზე გამოხდილი სხვა პროდუქტები;
  • მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი;
  • საპოხი მასალები და საშუალებები;
  • სითხეები ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის.
მსუბუქი ავტომობილის და მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან, თუ სატრანსპორტო საშუალება 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს ავტომობილზე გადახდილი აქციზი, 100%-ის ოდენობით.


იმპორტის გადასახადი

იმპორტის გადასახადი ეხება საქონელს, რომელიც კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს, ანუ შემოდის საქართველოში სხვა ქვეყნიდან. ეს გადასახადი ვრცელდება მხოლოდ საქართველოში შემოტანილ პროდუქციაზე და არ ვრცელდება ექსპორტზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის საგადასახადო განაკვეთები განისაზღვრება პროდუქტების მიხედვით.
იმპორტის გადასახადის განაკვეთებია 5%, 12% ან ფიქსირებული საქონლის სახეობების მიხედვით.


ქონების გადასახადი

ქონების გადასახადი გადასახადებს შორის ერთადერთი ადგილობრივი გადასახადია. ყველა სხვა ზემოთ ჩამოთვლილი გადასახადი მიეკუთვნება საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს. ქონების გადასახადის განაკვეთი არ აღემატება ქონების ღირებულების 1% -ს. ქონების გადასახადის განაკვეთის ოდენობა დამოკიდებულია ქონების მფლობელის (ფიზიკური ან იურიდიული პირის) სტატუსზე, ასევე ქონების ტიპზე და შემოსავლის ოდენობაზე.